Monday, March 1, 2010

სოფელი სამსოკოთა

სოფელი სამსოკოთა

სამსოკოთა, ერთი ბებერი მუხის ძირასაა გაშენებული. სოფელში სამად-სამი სოკო დობილი ცხოვრობს. სოკოებმა სოფელს სახელი თავად შეარქვეს და თავადვე განაგებენ მის ავ-კარგს.

სოფელს სახელდახელოდ არავინ სტუმრობს. გზასაცდენილი მწერ-ჭიანჭველა თუ ჩაუვლის სოკოების ეზო-ჭიშკარს დროდადრო.

ძალზედ კი სწუხან სოკო დობილები არავინ გვსტუმრობსო, მაგრამ რა ჰქნან?

სოკოები დილით ადრიანად იღვიძებენ და თავიანთი საოჯახო საქმეებით ისე არიან დაკავებულები, რომ შუადღემდე კაცი მათ ბუსუნს ვერ გაიგებს.

აქეთ, სახლის დაგვა-დასუფთავებაო, იქეთ, სადილ-სარეცხიო. ცოტაოდენი დრო საკუთარ თავსაც ხომ უნდა დაუთმონ?!.

მოკლედ, ასეთ ფაციფუცში მოიშუადღევებენ დღეს. ნაშუადღევს კი, იცოცხლე - ისეთ ჭორჭრიჭინს გამართავენ ერთმანეთთან, მუხას პირდაპირ მოსვენებას უკარგავენ.

რამდენჯერმე კი ჩასძახა მუხამ სოკოებს,

- რა დღეში ხართ, თქვენ, მანდო?!

მაგრამ რა?!

მათაც იმდენჯერვე წაუყრუეს, ვითომცდა, აქ არაფერიო.

და აი, ერთ დღეს, მუხამაც:

- აბა, ახლა მიყურეთაო, - თქვა და დაუშინა და დაუშინა რკოები სოკოებს ზემოდან.

მაშინ კი ეტკინათ სოკო დობილებს. ეტკინათ და მორთეს ტირილი. იმდენი იტირეს, იმდენი, ლამის გულები ამოიგდეს.

... როდის როდის გაისუსნენ. მერე ძალზედ იწყინეს კიდეც. ჰოდა, ადგნენ და სამუდამოდ გაებუტნენ მუხას.

მხოლოდ ერთხელ გადაულაპარაკეს ერთმანეთს;

აწი აქ აღარ გვედგომება, უნდა ავიყაროთ აქედანო.

ეს იყო და ეს. მას უკან ხმა აღარ გაუღიათ.

მაშინ კი დაიმორცხვა მუხამ, შეწუხდა ძლიერ. განაწყენდნენ რკოებიც - ეგ არ უნდა გვექნაო!..

დღის ბოლოს, მზის მიმქრალობისას, მუხამ ფოთლებს ხელი მოხვია და სოკოებს თავზე წააფარა, დილით, ცვარიანზე არ შესცივდეთო.

არც ამჯერად გაუღიათ ხმა სოკოებს. გაბუსხულები იდგნენ ღამის სიჩუმეში..

დილით, სისხამზე ჩახედა მუხამ სოკოებს და ფოთლები ფრთხილად ააცალა. მაგრამ მოხდა საოცარი რამ; სოკოებს ღამე იმდენი ეტირათ, იმდენი, სულ ცრემლებად ჩაღვრილიყვნენ მიწაში.

მუხა დიდხანს იდგა დარცხვენილი. მერე ისეთი ძალით ამოიმწუხრა, რომ მთელ ხეობას მოჰფინა ყვითელი ფოთლები...

მალე ზამთარი დადგა.

ერთ სუსხიან დილით ტყიდან ნაჯახის ხმა მომესმა. დავინახე, თუ როგორ დასცეს ხის მჭრელმა კაცებმა ბებერი მუხა ძირს, როგორ დამორეს და როგორ ამოუყვნენ გზას ურმით სოფლისაკენ.

ზამთარმა დიდხანს გასტანა. მხოლოდ აპრილის მიწურულს მომიხდა სამსოკოთასკენ გავლა.

თვალს არ დავუჯერე; ასობით პატარ-პატარა მუხის ნერგს ამოეყლორტა ბებერ ნამუხარზე.

იქვე ერთმა ბეღურამ ისიც მიამბო:

თურმე, იმ ღამით, რკოებსაც ისე ემწუხრათ და იმდენი ეცრემლათ, რომ თავადაც ცრემლებად ჩაჰყოლოდნენ მიწაში სოკო დობილებს...

ახლა კი დგანან და გაფაციცებით ელიან თავიანთი მეგობრების - სოკო დობილების მიწიდან ამოსვლას.

ბავშვებო, სოკო რაჭაში ივნისის თვეში ამოდის. თქვენც ხომ მაშინ გეწყებათ საზაფხულო არდადეგები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში? ჰოდა, ჩვენც სწორედ მაშინ ვეწვიოთ სოფელ სამსოკოთას.

აი, მერე კი ვნახოთ, როგორღა იტყვიან სოკო დობილები, არავინ გვსტუმრობსო.

კონკია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვრივი კაცი, რომელსაც უმშვენიერესი კეთილი ქალიშვილი ჰყავდა. ერთხელ გადაწყვიტა მეორედ დაქორწინებულიყო. მაგრამ ცოლად ბოროტი, ეგოისტი ქალი შეხვდა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. შვილები დედას გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ხასიათით.

ქორწილის შემდეგ დედინაცვალმა მალევე გამოამჟღავნა ბოროტი ზნე. ის კარგად ხვდებოდა, რომ ლამაზი, გულკეთილის გერის გვერდით მისი ღვიძლი შვილები კიდევ უფრო უხასიათო და მახინჯები ჩანდნენ. ამიტომ გერი შეიძულა და აიძულებდა, სახლში ყველაზე ბინძური საქმე ეკეთებინა.

საბრალო გოგონა საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა, დების ოთახებს ალაგებდა და კიბეებს წმენდდა. თვითონ კი სხვენში ცხოვრობდა, ერთ ვიწრო და ბნელ საკანში. იგი ძალიან განიცდიდა თავისი უენო მამამისის ბედს, რომელსაც ახალი ცოლი საშინელ დღეში აგდებდა.

გოგონას ყველა კონკიას ეძახდა. მაგრამ კონკია თავის ძონძებში ასჯერ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი დები ძვირფას, ოქრომკერდით ნაქარგ კაბებში.

ერთხელ უფლისწულმა მეჯლისი გამართა და ყველა თავის ქვეშევრდომს მოსაწვევები დაუგზავნა. ამ ამბავმა კონკიას დები აღტაცებაში მოიყვანა. მთელი დღეები საგანგებოდ ამ შემთხვევისათვის შეძენილ ახალ-ახალ კაბებს იზომებდნენ.

- მე წითელ ხავერდის კაბას ჩავიცვამ, - ამბობდა უფროსი, - ხელით ნაქარგი მაქმანები რომ აქვს.

- მე კი ამ ჰაეროვან სამეჯლისო კაბას, - ამბობდა მეორე და, - ყელზე ბრილიანტებს გავიკეთებ, თავზე კი ოქროსფერ ყვავილებიან ქუდს დავიხურავ.

ყველაზე მოდური ვარცხნილობისათვის დები საუკეთესო პარიკმახერებთან გაიქცნენ რჩევისათვის. კონკიას შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა, ამიტომ რჩევა მასაც ჰკითხეს.

- მე თქვენ ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს შეგირჩევთ, - უთხრა კონკიამ.

დებმა პატივი დადეს და დათანხმდნენ. სანამ კონკია ვარცხნილობებს უკეთებდა, დები დაეკითხნენ:

- კონკია, შენ გინდა მეჯლისზე წამოსვლა?

- ვშიშობ, რომ მეჯლისზე არ შემიშვებენ, - უპასუხა კონკიამ.

- მართალი ხარ. მეჯლისზე შენი წარმოდგენაც კი სიცილს გვრის!

ნებისმიერი სხვა გოგონა შურს იძიებდა ასეთი დაცინვისათვის და მათ ვარცხნილობებს თივის ზვინს დაამსგავსებდა, მაგრამ კონკიამ საუკეთესოდ დავარცხნა დები. ისინი კმაყოფილები დარჩნენ. სულ სარკის წინ ტრიალებდნენ, ჭამაც კი აღარ ახსოვდათ.

ბოლოს, როგორც იქნა, ბალზე წასასვლელად გაემზადნენ. კონკიამ ჭიშკრამდე მიაცილა. მარტო დარჩენილს კი ცრემლები გადმოუგორდა. ამ დროს კონკიას ნათლია ფერიაც მოვიდა, რომ ენახა, რატომ ტიროდა მისი ნათლული.

- როგორ მინდა მეჯლისზე! – სლუკუნებდა კონკია.

- გააკეთე ყველაფერი, რასაც გეტყვი და მერე ვნახოთ, - უთხრა ფერიამ, - ბაღიდან დიდი გოგრა მომიტანე.

კონკია ბაღში გაიქცა და ყველაზე დიდი გოგრა მოიტანა. ფერიამ გოგრა გამოღრუტნა, შემდეგ ჯადოსნური ჯოხით შეეხო და ერთ წამში საუცხოო ოქროს ეტლად აქცია.

შემდეგ სათაგურიდან ექვსი პატარა თაგუნია გამოუშვა, ჯადოსნური ჯოხი მათაც შეახო და ექვს რაშად აქცია.

ახლა მეეტლეღა აკლდა.

- ვირთხა გამოდგება? – ჰკითხა კონკიამ.

- რა თქმა უნდა, - უპასუხა ნათლიამ.

კონკიამ ვირთხის საჭერი მოიტანა. ფერიამ ყველაზე გრძელულვაშიანი ვირთხა ამოარჩია და თავმომწონე, ჩასუქებულ მეეტლედ აქცია.

შემდეგ კონკიას უთხრა:

- ბაღის ჭიშკართან ექვსი ხვლიკი ზის. მომიყვანე.

კონკიამ სასწრაფოდ აღასრულა ბრძანებული. ფერიამ ისინი ლაქიებად აქცია და ეტლს აქეთ-იქით ამოუყენა.

- ახლა კი შეგიძლია მეჯლისზე წახვიდე, - თქვა ფერიამ. – კმაყოფილი ხარ?

- რა თქმა უნდა, - უპასუხა ბედნიერებისაგან გაბრწყინებულმა კონკიამ. – მაგრამ შეიძლება, ასეთი დაკონკილი მივიდე?

ფერიამ ჯოხი დაიქნია და კონკიას ძონძები ძვირფას, ოქრო-ვერცხლით მოქარგულ სამოსად იქცა, ხის ქოშები კი – ბროლის ფეხსაცმელებად, რომლებიც ზუსტად სამეჯლისო ცეკვებისათვის იყო ზედგამოჭრილი. კონკია თვალისმომჭრელად ლამაზი იყო.

როდესაც გოგონა ეტლში ჩაჯდა, ფერიამ გააფრთხილა:

კარგ დროსტარებას გისურვებ, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეს: მეჯლისი ზუსტად შუაღამეზე უნდა დატოვო. თუ ამას არ იზამ, შენი ეტლი გოგრად იქცევა, ცხენები – თაგვებად, მსახურები – ხვლიკებად, შენი ძვირფასი კაბა კი – ჭუჭყიან ძონძებად.

კონკია ნათლიას შეჰპირდა, რომ ზუსტად შუაღამეზე დატოვებდა მეჯლისს და ეტლიც დაიძრა.

მსახურებმა პრინცს მოახსენეს, ვიღაც მდიდარი და ულამაზესი უცნობი მოვიდაო. უფლისწული სასწრაფოდ გაეშურა მის შესახვედრად და სასახლეში შეუძღვა.

დარბაზს გაოცებისა და აღფრთოვანების მსუბუქმა შრიალმა გადაუარა. ყველა მზეთუნახავს მიშტერებოდა. მოხუცმა მეფემ დედოფალს გადაუჩურჩულა, ასეთი საოცრება დიდი ხანია, არ მინახავსო. ქალები ყურადღებით ათვალიერებდნენ კონკიას ჩაცმულობას და ცდილობდნენ, არაფერი გამორჩენოდათ, რომ მეორე დღესვე ზუსტად ისეთივე შეეძინათ, თუ მოახერხებდნენ.

პრინცმა გოგონა საცეკვაოდ გაიწვია. ოჰ, რა სასიამოვნოდ ცეკვავდა გოგონა.

მოიტანეს ვახშამი, მაგრამ პრინცს ჭამა სულ გადაავიწყდა, იგი თვალს ვერ აშორებდა მშვენიერ უცნობს. კონკია დებს გვერდით მიუჯდა და პრინცის მორთმეული კალათიდან ეგზოტიკური ხილით გაუმასპინძლდა. ასეთი პატივისაგან დებს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.

გახურებულ მეჯლისში კონკიას საათის რეკვა მოესმა, თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა. კონკია ყველას დაემშვიდობა და სასწრაფოდ წავიდა. სახლში დაბრუნებულმა, მხურვალე მადლობა გადაუხადა ფერიას და სთხოვა, მეორე დღეს ისევ მიეცა მეჯლისზე წასვლის ნება, რადგან პრინცმა ძალიან სთხოვა. ფერია დაპირდა, რომ დაეხმარებოდა.

მალე დები და დედინაცვალიც დაბრუნდნენ. კონკიას ვითომ ეძინა, მთქნარებით გაუღო კარი.

დები საშინლად აღგზნებულნი იყვნენ მეჯლისზე უცნობი მზეთუნახავის გამოჩენით.

- ის ყველაზე ლამაზია ამქვეყნად, - სულმოუთქმელად ყვებოდა უფროსი და, - ჩვენ ხილითაც კი გაგვიმასპინძლდა.

კონკიამ გაიღიმა და ჰკითხა:

- რა ერქვა?

- არავინ იცის. პრინცი ყველაფერს მისცემდა, ოღონდ მისი ვინაობა შეეტყო.

- როგორ მინდოდა მისი ნახვა. არ შეგიძლიათ, თქვენი ძველი კაბა მათხოვოთ, რომ მეც შევძლო მეჯლისზე წამოსვლა? – ჰკითხა კონკიამ.

- რაა? შენ ჩვენი კაბის ჩაცმა გინდა? არასდროს! – უყვირეს დებმა.

კონკია დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოხდებოდა. ანდა ნება რომ დაერთოთ, რა უნდა ექნა? მეორე დღეს დები ისევ გაემგზავრნენ მეჯლისზე. კონკიაც მალევე წავიდა, ამჯერად უფრო მდიდრულად ჩაცმული, ვიდრე წინა დღეს. პრინცი ერთ წუთს არ ტოვებდა. ის კონკიას ისე სიყვარულითა და თავაზიანად ექცეოდა, კონკიას ფერიის გაფრთხილება სულ გადაავიწყდა. უცებ მოესმა, როგორ ჩამოჰკრა საათმა თორმეტი. კონკია სასწრაფოდ წამოხტა, დარბაზი დატოვა და გასასვლელისკენ გაიქცა. პრინცი დაედევნა. უცებ კონკიას ფეხიდან ბროლის ფეხსაცმელი წასძვრა. პრინცმა ფეხსაცმელი აიღო და გულის ჯიბეში ჩაიდო. კონკიამ სასახლის ჭიშკრამდე ძლივს მიაღწია, რომ ლამაზი კაბა ჭუჭყიან ძონძებად შეიცვალა, ეტლი, მეეტლე და მსახურები – გოგრად, თაგვებად და ხვლიკებად. ჯადოსნობისგან მხოლოდ ბროლის ფეხსაცმელი დარჩა.

კონკიამ სახლში დებზე ცოტათი ადრე მიირბინა. მათ ამჯერადაც უამბეს, რომ უცნობი მზეთუნახავი კვლავ გამოჩნდა. რომ ის კიდევ უფრო ლამაზი იყო, ვიდრე წინა დღეს, მაგრამ ისე მოულოდნელად გაქრა, რომ ბროლის ფეხსაცმელი დაკარგა. პრინცმა იპოვა და გულის ჯიბეში შეინახა. ყველა დარწმუნებულია, რომ უფლისწული უგონოდაა შეყვარებული უცნობ მზეთუნახავზე.

და მართლაც, მეორე დღეს უფლისწულმა გამოაცხადა, რომ იქორწინებს იმ ქალიშვილზე, რომელსაც ბროლის ფეხსაცმელი მოერგება. ფეხსაცმელი ყველამ ჩაიზომა: პრინცესებმა, თავადის ასულებმა, მაგრამ უშედეგოდ. მსახურებმა ფეხსაცმელი კონკიას დებთანაც მიიტანეს. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ ფეხსაცმლის ჩაცმას, მაგრამ ამაოდ.. მაშინ კონკიამ იკითხა:

- შეიძლება მეც გავისინჯო?

დები ახარხარდნენ. მაგრამ მეფის მსახურმა მიუგო:

ნაბრძანები მაქვს, ფეხსაცმელი სამეფოს ყველა ასულს გავასინჯო, გამონაკლისის გარეშე.

ფეხსაცმელი ზუსტად მოერგო კონკიას ფეხს, თითქოს მის ფეხზე ყოფილიყოს შეკერილი. მაშინ კონკიამ ჯიბიდან მეორე ბროლის ფეხსაცმელი ამოიღო. ირგვლივ ყველა გაშეშდა გაოცებისაგან.

უცებ ფერიაც გაჩნდა, კონკიას ჯადოსნური ჯოხი შეახო და ძვირფასად შემოსილ მზეთუნახავად აქცია.

აი, ახლა კი იცნეს დებმა კონკია. მის წინ მუხლებზე დაემხნენ და თავიანთი საქციელისათვის პატიებას ითხოვდნენ. კონკიამ აპატია და მეგობრობა შესთავაზა.

კონკია საპატიო ესკორტით სასახლეში წაიყვანეს, სადაც გულისფანცქალით ელოდებოდა ახალგაზრდა, ლამაზი პრინცი. რამოდენიმე დღეში მათ ჯვარი დაიწერეს და მდიდრული ქორწილი გადაიხადეს.

კონკია ისევე კეთილი იყო, როგორც ლამაზი. მან დები საცხოვრებლად სასახლეში წაიყვანა და მალე ცნობილ დიდებულებს მიათხოვა.





იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს დღემუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა.

ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა. სახელად წიქარა ერქვა, ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა, დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა.

დედინაცვალი კი არა ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა.

სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა:

- რა გიშველისო?

- წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, - უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა.

მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა, ქალი რომ ლოგინიდან აღარა დგებოდა, გადაწყვიტა, დაეკლა წიქარა.

მეორე დილას ვაჟი ხედავს, მამა დანასა ლესავს.

- რად გინდა, მამა, ეგ დანა, რისთვისა ლესავო? - ჰკითხა ვაჟმა.

- წიქარა უნდა დავკლაო, - უთხრა მამამ.

დაღონდა ბიჭი, მაგრამ რა უნდა ექნა!

- წავალ, წყალს მაინც დავალევინებო, - უთხრა ბიჭმა.

წაიყვანა წიქარა წყალზე, ასმევს წყალსა და ტირის. ტირის ისე, რომ მისი ცრემლები წყალს ეწევიან.

- რა გატირებს ჩემო მეგობარო? რაზე ითხრი თვალებს, შემოგევლოს შენი წიქარაო.

ბიჭმა მიიხედ-მოიხედა, ეგონა, მომესმაო, შეშინებული და განცვიფრებული დიდხანს გონს ვერ მოსულიყო. ბოლოს მიხვდა, რომ თავისი წიქარა ელაპარაკებოდა.

- დაკვლას გიპირებენ, დაკვლასაო, - მიუგო ვაჟმა.

- ვიცი, ვიცი, ჩემო მეგობარო, მაგრამ არც შენ მოგელის კარგი დღე. წადი, წამოიღე ერთი სალესავი, ერთი სავარცხელი და ერთი ბოთლი წყალი, შემაჯექი ზურგზე და გავიპაროთო.

ვაჟმა მოიტანა ყველაფერი და მოვიდა. წიქარამ შეისვა ვაჟი ზურგზე და გაჰქუსლეს. მამა ელოდა, ელოდა და ბიჭი რომ აღარ მობრუნდა, წავიდა წყალზე. ბიჭი იქ არ დაუხვდა, აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ შვილისა და წიქარას ასავალ-დასავალი ვერ შეიტყო. დედინაცვალმა გერის დაკარგვა არად ჩაადგო, მაგრამ როცა ქმარმა უთხრა, წიქარაც თან წაუყვანიაო, ერთი წყეული ღორი ჰყავდა და ის გამოუყენა.

მირბის წიქარა, მიარბენინებს პატარა მეგობარს, მისდევს ეშვებდალესილი ღორი. ეს არის, უნდა დაეწიოს, რომ წიქარამ უთხრა ბიჭს:

- რაღას ელი, მეგობარო, სიკვდილი თვალწინ გვიდგას. გადაღვარე ბოთლი წყალიო.

გადაღვარა ბიჭმა წყალი, გაჩნდა საშინელი ზღვა. ღელავს ზღვა შავად, სიკვდილს უქადის ყველას, მაგრამ ღორი არ უდრკება ზვირთების ცემას და მიცურავს. სანამ ღორი ზღვას გადასცურავდა, წიქარამ და იმისმა მეგობარმა კარგა გზა გაიარეს... ბოლოს გამოვიდა ღორიც. წიქარამ უთხრა ვაჟს:

- თავი მიიბრუნე, აბა, მოდის თუ არაო?

მიიბრუნა ბიჭმა თავი:

- შორს ბუზისოდენად რაღაც მორბის თუ მოფრინავსო. - უთხრა წიქარას.

- ეგ ღორიაო, - მიუგო წიქარამ.

მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს, მორბის ღორი, ცოტა კიდევ და დაეწევა წიქარას.

- გადააგდე სავარცხელიო! - შესძახა ბიჭს წიქარამ.

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა. სჭრა ეშვებით ღორმა ტყე, სჭრა და გავიდა. მირბის წიქარა, მიაქროლებს ბიჭს. კარგა გზა გაიარეს. მოიხედა ბიჭმა, შორს ბუზივით ისევე რაღაცა მოჩანდა.

- ბუზის ტოლა რაღაცა ჩანსო, - უთხრა წიქარას.

- ღორი მოგვდევსო, - მიუგო წიქარამ.

ცოტა კიდევ, ცოტა კიდევ და ღორი წიქარას დაეწევა, მაგრამ გადააგდებს ვაჟი სალესავს და აიმართება თვალუწვდენელი კლდე წიქარასა და ღორს შუა. სჭრის ღორი, სჭრის რაც ძალი და ღონე აქვს კლდეში საფეხურებს და ადის ზემოთ. შუა ადგილზე რომ მივიდა ღორი, დაუსხლტა ფეხი და უფსკრულში ჩაინთქა. წაიღო ჩემიცა და თქვენი ჭირიც.

ბიჭსა და წიქარას ხსნის იმედი მოეცათ. იარეს და გავიდნენ სამშვიდობოს. წიქარამ გაიყვანა ბიჭი ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა, მისი კენწერო ცასა სწვდებოდა, შესვა ზედ, მისცა ორი სალამური, ერთი საჭირვარამო, ერთი სალხინო და უთხრა:

- მე წავალ, მარტოკა ვივლი მინდვრად, ბალახს მოვძოვ და ვირჩენ თავს. შენ აქ იჯექი, თუ რამე გაგიჭირდეს, საჭირვარამო სალამური დაუკარი და მაშინვე აქ დავიბადები, თუ გილხინდეს, სალხინო სალამური დაუკარი, საჭმელსაც ის მოგიტანს და სასმელსაცო, - გამოეთხოვა და წავიდა წიქარა.

ბიჭი იჯდა ალვის ხეზე და უკრავდა სალხინო სალამურს... გაიგონა ერთმა მეცხვარემ სალამურის ხმა, ძალიან მოეწონა და მიჰყვა ხმას, მივიდა ალვის ხესთან და ხედავს, ბიჭი სალამურს უკრავს, პეპლები კი გარს შემოჰხვევიან, სალამურის ხმაზე თამაშობენ და ირევიან ერთმანეთში. მეცხვარეს შურით აევსო თვალები და გადაწყვიტა, ხელთ ეგდო სალამური.

- ჩამოდი ერთი ძირს, მაჩვენე ეგ სალამური, რისგან არის გაკეთებულიო, - დაუძახა ვაჟს. მაგრამ ვაჟი არ ჩამოვიდა. წიქარას ჰქონდა ნათქვამი, ალვის ხიდან არ ჩამოხვიდეო. ადგა შურიანი მეცხვარე, წავიდა ხელმწიფესთან და მოახსენა:

- ამა და ამ ადგილას ერთი ბიჭი ზის ალვის ხეზე და ისე უკრავს სალამურს, რომ იმისი დაკვრით მთელი ქვეყანა ხაორბსო.

ხელმწიფემ მაშინვე დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა, ან თქვენ უნდა მომგვაროთ ის ბიჭი, ან კაცი იშოვოთ იმისი მომყვანიო. ნაზირ-ვეზირებმა ხელმწიფესთან ერთი მოხუცი ქალი მიიყვანეს.

- მე მოგგვრით იმ ბიჭსაო, - უთხრა ხელმწიფეს დედაბერმა.

ადგა დედაბერი, წაიყვანა ერთი თხა, წაიღო სადგისი და მივიდა ალვის ხესთან. ბიჭი ზის თავისთვის ალვის ხეზე და უკრავს სალამურს. დედაბერი ალვის ხის ძირში დადგა, ამოიღო სადგისი და ჩხვლეტა დაუწყო თხას. ჩხავის საწყალი თხა. ვაჟმა რომ დაინახა, მოხუცი თხას აჩხავლებდა, დაუძახა:

- რასა შვრები, დიდედო, რად აჩხავლებ მაგ თხასაო?

- დაკვლა მინდა, შვილო, და ვერ დამიკლავს, იმდენი სიკეთე მიყავი, ჩამოდი და დამიკალიო.

ბიჭი რას მოიფიქრებდა, რომ მოხუცს ღალატი ედო გულში. ჩავიდა ძირს. დედაბერმა რაღაც ჯადოთი გააბრუა და დააძინა. ასწიეს და წაიყვანეს მძინარე ბიჭი ხელმწიფის კაცებმა და ჩასვეს ცხრაკლიტულში. ბიჭს გამოეღვიძა, ხედავს დატყვევებულია. დაღონდა, დაიწყო ტირილი, ინატრა თავისი სალამურები, მაგრამ მისი სალამურები ალვის ხეზე ეყარნენ ოხრად დარჩენილები. ბიჭი ფანჯარასთან დაჯდა და ხას მიაცქერდა. ამ დროს ცხრაკლიტულს ყვავმა ჩამოუფრინა, დაინახა ვაჟმა და შესძახა:

- ყვავო, ყვავო, სად მიფრინავ, სად მიგეჩქარება? წადი, შენი შვილების მზესა, მინდორში რომ ალვის ხე დგას, ზედ ჩემი სალამურებია და აქ მომიტანე!

- მე რომ ლეშსა ვჭამდი და შენ ქვებს მესროდი, აღარ გახსოვს? - უპასუხა ყვავმა და გაუდგა გზასა. გააყოლა თვალი ბიჭმა და ჩამოყარა ცრემლები.

გადმოიფრინა ბეღურამ.

- ჩიტო, ჩიტო, შენი ბარტყების გაზრდასა, მინდორში ალვის ხეზე სალამურები დამრჩა და მომიტანეო!

- შენ რომ მახეს გვიგებდი და ბუდეს გვიშლიდი? ვერა, მე ვერ მოგიტან, სხვასა სთხოვეო, - უთხრა ბეღურამ და გასცილდა. გააყოლა იმასაც თვალი ბიჭმა და ჩამოსცვივდა ცრემლები. ბოლოს მერცხალი დაინახა ბიჭმა და შესტირა:

საით მიფრინავ, მერცხალო,
საითკენ მიეშურები?
მინდორთ რომ ალვის ხე ხარობს,
ცივნი წყარონიც დიანო,
პეპლებიც იქა სხდებიან,
ტურფად ჭრელ მხრებსა შლიანო,
შეიყრებიან ჩიტები,
ყვავილნი შეკრბებიანო,
წიქარაც იმათთან მოდის,
იქ დაინახავ, ღვთიანო!
სალამურებიც იქ არის,
უჩემოდ დალპებიანო...
გაფრინდი, აქ მომიტანე,
ჩემო ლამაზო მხრიანო.

გაფრინდა მერცხალი და მოუტანა სალამურები. დაუკრა საჭირვარამო სალამური ვაჟმა, დაუკრა და აატირა. წიქარამ გაიგონა თუ არა სალამურის ხმა, მაშინვე გაეშურა ვაჟისკენ. გააფთრებული ეცა რქებით ცხრაკკლიტულს და დაუწყო მტვრევა. რვა კარი გატეხა, მაგრამ მეცხრე კარი რომ უნდა გაეტეხა, ცალი რქა მოსტყდა! დაღონდა წიქარა, თავის რქას ისე არ ჩიოდა, როგორც მეგობრის ტყვეობას. ღმერთს რქა შესთხოვა, უცებ ერთი თაგვი გამოძვრა და უთხრა:

- რას მომცემ, რქა რომ მოგაბა, შენს ლეშს ხომ მაჭმევო?

- გაჭმევო, - უთხრა წიქარამ.

თაგვმა გაუმთელა რქა, ეცა წიქარა და შელეწა მეცხრე კარიც, შევიდა ბიჭთან, შეისვა ზურგზე მეგობარი და გაეშურა ალვის ხისკენ. შესვა წიქარამ ბიჭი ალვის ხეზე და თავად ისევ მინდორში წავიდა.

იჯდა ბიჭი ალვის ხეზე, უკრავდა სალხინო სალამურს და ერთობოდა. უცებ წიქარა მოაგონდა და ნახვა მოუნდა. დაუკრა საჭირვარამო სალამური, მაგრამ წიქარა არ გამოჩნდა. რაღას იზამდა, წამოვიდა საძებნელად. ბევრი ეძება, ბოლოს ერთ კორდზე მკვდარი იპოვა. დაემხო ბიჭი წიქარას და ატირდა. ისე გულსაკლავად ტიროდა, რომ მისი ცოდვით ბალახნიც ტიროდნენ, აღარ ირხეოდნენ, პეპლები აღარ ფრინავდნენ და ცრემლსა ღვრიდნენ.

- ვაიმე, ჩემო წიქარა, - მოსთქვამდა ბიჭი, - უშენოდ ახლა რაღა მეშველებაო.

ამ დროს საიდანღაც ის თაგვი გამოძვრა, წიქარას რომ რქა გაუმრთელა, წიქარას ლეშის საჭმელად მოსულიყო თურმე. რომ დაინახა, ბიჭი ასე საცოდავად ტიროდა, უთხრა:

- რას მომცემ, წიქარა რომ გაგიცოცხლოო, შენს ლეშს ხომ მაჭმევო?

- ოღონდ კი ჩემი წიქარა გააცოცხლე და გაჭმევო, - უთხრა ბიჭმა.

გაიქცა თაგვი, იქვე მიკრიფ-მოკრიფა რაღაც ბალახი, მოარბენინა, წიქარას წაუსვ-წამოუსვა და გააცოცხლა. მოეხვია ბიჭი ხარს, ეალერსება, თვალებს უკოცნის, წიქარაც პირს უთათუნებს ბიჭსა და ლოკავს.

- აბა, გეყოფათ, - უთხრა თაგვმა ბიჭს, მე უკვე კარგად მომშივდა, შენი სიკვდილის დროაო.

გაიქცა თაგვი, მოკრიფა სასიკვდილო ბალახი, მოიტანა და ბიჭს გაუწოდა. ბიჭს არ ეთმობოდა წიქარა, მაგრამ პირობა ხომ უნდა შეესრულებინა და თავისი მეგობრისათვის მომკვდარიყო!

ის იყო ბიჭი უნდა შეხებოდა ბალახს, რომ თაგვმა უთხრა:

მიპატიებია სიკვდილი, თქვენნაირი მეგობრები ჩემს დღეში არ მინახავს! იცოცხლეთ მარადო! - ბიჭი გონს ვერ მოსულიყო, რომ თაგვი გაქრა.

გახარებულმა წიქარამ შეისვა თავისი მეგობარი ზურგზე, წამოიღო სალამურები, გააქროლა ბიჭი ახლა სხვა ადგილას, სხვა მხარეში, სადაც არც შურიანი მეცხვარე იყო და არც კუდიანი დედაბერი, შესვა ერთ ალვის ხეზე და მისცა სალამურები, თვითონ კი მინდორში წავიდა. ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს, თვითონაც ხარობს და მთელ ქვეყანასაც ახარებს. როცა წიქარას ნახვა მოუნდება, დაუკრავს საჭირვარამო სალამურს და წიქარაც მაშინვე იმასთან გაჩნდება ხოლმე.

წიქარა